თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველო დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასიაში იყოს მშვიდობა და მზად არის ამისთვის იკისროს კონკრეტული პასუხისმგებლობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში „საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი“.
„არავისთვის არ შეიძლება იყოს სასარგებლო ამ რეგიონში, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში საომარი მოქმედებები. შესაბამისად, საქართველო დაინტერესებულია, რომ ამიერკავკასიაში მშვიდობა იყოს და ამისთვის მზად არის, რომ კონკრეტული მოვალეობები იკისროს, კონკრეტული ფუნქცია შეასრულოს საიმისოდ, რომ ჩვენი მცდელობები იყოს შედეგიანი“, - განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
მისი თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ რეგიონში სტაბილურად მშვიდობა დამკვიდრდეს
ამას წინათ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ერევანი განიხილავს იდეას, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეთაურები თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ თბილისში სამმხრივ ფორმატში შეხვედრის იდეა მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესთავაზა სომხეთს, თუმცა უარი მიიღო.