თეა ბოლქვაძე პროფესიით ექიმია, შშმ პირი ერთი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გახდა. ამის მერე სპორტი დაეხმარა იმაში, რომ ცხოვრების მთავარ „შეჯიბრში“ საკუთარი ბედისწერა გამოეწვია და ფინიშთან გამარჯვებული მისულიყო. დღეს წარმატებული პარასპორტსმენია. პარამშვილდოსნობაში ხუთწლიანი ვარჯიშის შემდეგ თბილისის ზამთრის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და საქართველოს ზამთრის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ინტეგრირებულ შეჯიბრებაში. შემდეგ კი „ქალი ეტლით მოსარგებლეს“ სტატუსით მსოფლიო რბოლის Wings for Life World Run-ის გამარჯვებული გახდა.
- ქალბატონო თეა, თავიდან პროფესიული არჩევანით დავიწყოთ, ექიმი როგორ გახდით?
- სკოლის დამთავრების მერე ჩავაბარე სამედიცინო სასწავლებელში, სამკურნალო საქმეზე, ფერშლის კვალიფიკაციით. როდესაც ამ პროფესიით დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ მეტის გაკეთება მინდოდა და შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობაზე ჩავაბარე. მანამდე ჩემი ბავშვობა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, რუტინული ცხოვრებით იყო დატვირთული, გარდა იმ მომენტებისა, როდესაც არდადეგებზე სოფელში მივდიოდი. იქ უფრო მეტი კონტაქტი მქონდა ბუნებასთან და ცხოველებთან.
- როდის შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
- თხუთმეტი წლის ვიყავი, როცა ავტოკატასტროფაში ჩემზე ხუთი წლით უფროსი ძმა დავკარგე. ჩემი უდიდესი ტრაგედიაც იქ დაიწყო, რადგან ჩემს ძმასთან ერთად ამ ტრაგედიის გამო მშობლებიც „დავკარგე“. მათ რამდენიმე წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ასეთ ტკივილს ცოტათი მაინც შეგუებოდნენ და გაეაზრებინათ, რომ კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ. ეს ტრაგედია ჩემს ცხოვრებას დამღად მოჰყვება და მისი გახსენება 30 წლის შემდეგაც მტკივნეულია.
- ამის მერე კიდევ ერთი დარტყმა მიიღეთ...
- ეს იყო ამბავი, რომელმაც 2014 წლის 11 მაისს თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. ყველაფერი კადრებად მახსოვს: ჩემი პირველკლასელი შვილის ექსკურსია, გორი, ვარიანი, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი. მორიგი ფოტოს გადაღების დროს მოაჯირი გადავარდა და მას ინერციით გადავყევი. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფმა, უმძიმესი ტრავმით ვძლიე სიკვდილს. თუმცა ტრავმამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება – ეტლით მოსარგებლე გავხდი. უამრავი ტკივილის, უამრავი გამოცდის მერე მე და ეტლი დავმეგობრდით.
- რას მიხვდით დროთა განმავლობაში?
- იმას მივხვდი, რომ როცა ეტლში ზიხარ, ეს ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს. აქედან იწყება დიდი ბრძოლა ცხოვრებასთან, საკუთარი თავის დამკვიდრება და იმ ნიუანსების შეცნობა, რასაც ადრე შეიძლება ყურადღებას არ აქცევდი. დღეს უკვე შემიძლია დეტალების გათვალისწინება და ვიცი, რომ ბედნიერება და პოზიტივი დეტალებშია. ეტლმა მასწავლა ადამიანების ფსიქოტიპის ამოცნობა, სხვა სამყარო დამანახა – ხისტი და ლმობიერი, მოსიყვარულე და ამაზრზენი, დამანახა სიკეთე და ღვარძლი...
- სანამ ტრავმას მიიღებდით, მანამდე რას საქმიანობდით?
- 2005 წლიდან გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მორიგე ექიმად ვმუშაობდი. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მიბრძოლია და გამიმარჯვია კიდეც. თუმცა ზოგჯერ დავმარცხებულვარ და ყველა ის დამარცხება მახსოვს. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და იმედი მაქვს, დავუბრუნდები, იმიტომ რომ შშმ სტატუსით, საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარებით საკმარისი ცოდნა დავაგროვე.
- პარასპორტსმენი როგორ გახდით?
- აქტიური სპორტით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, გარდა ფიტნესისა, სადაც წონის კორექციისთვის დავდიოდი. ტრავმა 39 წლის ასაკში მივიღე და ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ მოვხვდი ორგანიზაციაში, სადაც შშმ პირებს ასწავლიდნენ ეტლით სარგებლობას. აქ ერთ-ერთი სპორტული აქტივობა მშვილდოსნობა იყო. მშვილდის ხელში აღებისთანავე, პირველივე გასროლაზე მოვიხიბლე და გადავწყვიტე ამ სპორტით დავკავებულიყავი. მოკლედ, 40 წლის ასაკში აქტიურ სპორტში აღმოვჩნდი.
- მსოფლიო მარათონში როგორ მიიღეთ მონაწილეობა?
- როცა რეაბილიტაციას გავდიოდი, გავიგე მსოფლიო რბოლის - Wings for Life World Run-ის შესახებ. ამ მარათონში მონაწილეობის მიღება მოვინდომე და დავრეგისტრირდი. მაშინ ჯერ კიდევ კარგად ვერ ვმოძრაობდი, პრაქტიკულად ტრამვა ახალი მიღებული მქონდა. მარათონში რეაბილიტოლოგი და ფიზიოთერაპევტები მეხმარებოდნენ. ჩემდა გასაოცრად, 2015 წელს „ქალი ეტლით მოსარგებლეს“ სტატუსით 6,8 კმ გარბენში გავიმარჯვე. ეს იყო ენით აღუწერელი შეგრძნება, რომელიც დღემდე მომყვება. ამის გარდა 2016 წელს იყო 11 კმ გარბენი და 2019 წელს 13 კმ გარბენი. ეს იყო უდიდესი ემოციით დატვირთული რბოლა, რომელიც მოვიგე. ტიპიური ადამიანების და შშმ პირების ტანდემი – ამ დროს ისინი გეხმარებიან ფიზიკურად, შენ კი მათ მორალურად ამხნევებ, რომ მორიგი კილომეტრი ერთად დაძლიოთ.
- ახლა უკვე იცით, როგორ უნდა გავიმარჯვოთ საკუთარ თავზე?
- ეს ძალიან კარგი თემაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უდიდესი ბრძოლა და ძალისხმევა გვჭირდება, რომ საკუთარი შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ და დავმკვიდრდეთ ამ რთულ ცხოვრებაში. საჭიროა საკუთარი დაუმორჩილებელი სხეულის შესწავლა (ვისაც ტრავმა აქვს), დაქვეითებული, გამქრალი რეფლექსებისა და შეგრძნებების აღქმა, დამატებითი ძალისხმევა, რომ მოვერგოთ ეტლს, გარემოს და ისევ ჩავერთოთ ცხოვრების ფერხულში. ამიტომაც ვხდებით ძლიერები, ვხდებით მაგალითები ტიპიური ადამიანებისთვის. დაუძლეველი მართლა არაფერია, თუ გულით მოინდომებ და მიზანს დაისახავ, აუცილებლად მიაღწევ.
- ამ ბრძოლაში რას აქვს მნიშვნელობა?
- ადამიანები ჩემ გვერდით – ეს ცალკე თემაა. უდიდესი ტკივილის თუ ტრაგედიის დაძლევა მათი გვერდში დგომით, მათი დახმარებითაა შესაძლებელი. ჩემ შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა. დედა, მეუღლე და შვილი – ამ ადამიანებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რომ „ფეხზე დავმდგარიყავი“, მიუხედავად იმისა, რომ ეტლით მოსარგებლე ვარ, ამ ადამიანების მეშვეობით მყარად ვაგრძელებ ცხოვრებას და უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვი...
ნინო მამულაშვილი