თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ქართველი რეჟისორის, გიორგი ქობალიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „იხვებზე ნადირობა“ რამდენიმე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.
„პირველი არხის“ ცნობით, სოციალურმა დრამამ ჯილდოები სამ ფესტივალზე მოიპოვა:
ამრიგად, მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალმა (Melbourne International Film Festival) გამარჯვება მიანიჭა გური გოლიაძეს ნომინაციაში „საუკეთესო კინოოპერატორი“. ფილმმა „იხვებზე ნადირობა“ ვენეციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე Venezia Shorts მოიპოვა „ოფიციალური არჩევანის" სტატუსი, ხოლო კინოფორუმზე Cinemount International Film Festival – „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის" პრიზი.
დრამა გადაიღეს ზუგდიდში ყოველგვარი დაფინანსების, გეგმისა და სცენარის გარეშე. მსახიობებს გადაღებებზე ჰქონდათ იმპროვიზაციის შესაძლებლობა, რაც ფილმს კიდევ უფრო გულწრფელს ხდის.
„იხვებზე ნადირობა“ მოგვითხრობს გაუცნობიერებლად ჩადენილ დანაშაულზე. ეს არის ფილმი, სადაც ადამიანები ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ ერთმანეთს და სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა სინდისია.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სულ ცოტა ხნის წინ გადაიღეს და „საფესტივალო ცხოვრებას“ ჯერ კიდევ იწყებს, ის უკვე გახდა სხვადასხვა ფესტივალის ჟიურის წევრების ფავორიტი. რეჟისორი ახლა მოუთმენლად ელის შემდგომ წარმატებებს და იმედოვნებს, რომ ფესტივალებზე გამგზავრებას გადამღებ ჯგუფთან ერთად შეძლებს.