პატრიარქის სამძიმარი: საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ილია II გამოეხმაურა

საგარეჯოში მამაკაცმა ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს და ადგილზე მისულ პოლიციელებს. დაიღუპა ხუთი ადამიანი, კიდევ ხუთი კი დაიჭრა.
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხდა.
საგარეჯოში 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად მსროლელი – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.

„ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც შეეწირნენ ახალგაზრდები – დავით ნასრაძე,ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი,ზაქრო მათიაშვილი, და ღირსეული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელმაც საკუთარი თავგანწირვით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

პატრიარქმა მრევლს ლოცვის და გარდაცვლილთა სულების მოხსენიებისკენ მოუწოდა.
„ასევე ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისათვის. ღმერთმა ისინი მალე დაუბრუნოს საკუთარ ოჯახებს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმარში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.