ყველაფერს თავისი დრო აქვს და ხშირად ჩვენი ინტერესის, გნებავთ, ცნობისმოყვარეობის სფეროს სწორედ ეს ბანალური ჭეშმარიტება განაპირობებს. ასეა ახლაც. კალენდარი დეკემბრის პირველ დღეებს ითვლის და, სავარაუდოდ, ნოემბრის თვის ინფლაციური პროცესის შეჯამების მოლოდინი გაქვთ. იმედს არ გაგიცრუებთ, თანმიმდევრულად მივყვები.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გასულ თვეში ინფლაცია 0,5 პროცენტი იყო, ანუ წინა თვის მაჩვენებელზე 0,1 პროცენტით მეტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10,4 პროცენტი შეადგინა. მიაქციეთ ყურადღება, ეს მიმდინარე წლის საუკეთესო შედეგია. ვიდრე გასული თვის ინფლაციის სტრუქტურას მიმოვიხილავთ, ურიგო არ იქნება ვნახოთ, როგორი იყო ინფლაციის დინამიკა წლის განვლილ პერიოდში.
მიმდინარე წელს ინფლაციის 13,9 პროცენტით შევხვდით. იანვარში ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა. თებერვალში უმნიშვნელოდ შემცირდა და 13,7 პროცენტი იყო. მარტში ინფლაციამ საგრძნობლად დაიკლო და 11,8 პროცენტი შეადგინა. ანალიტიკურ წრეებში ამბობდნენ, რომ ეს პოზიტიური ცვლილება ე.წ. საბაზისო ეფექტის შედეგი იყო. მომდევნო ორ თვეში ინფლაციამ ზრდის ტენდენცია დაიბრუნა და აპრილში 12,8 პროცენტი, ხოლო მაისში უკვე 13,3 პროცენტი შეადგინა. მეორე კვარტლის მესამე თვე შედარებით პოზიტიური გამოდგა, რადგან ინფლაცია შემცირდა და აპრილის მაჩვენებელს − 12,8 პროცენტს დაუბრუნდა. ივლისში ინფლაციამ ისევ დაიკლო, ამჯერად 11,5 პროცენტამდე. აგვისტოში კლების ტენდენცია გაგრძელდა და იმ დროს საუკეთესო შედეგი − 10,9 პროცენტი დაფიქსირდა. სექტემბერში ინფლაცია 11,5 პროცენტი იყო, ხოლო ოქტომბერში წინა თვეზე 0,1 პროცენტით მეტი, 11,6 პროცენტი.
ერთი სიტყვით, მიმდინარე წლის თერთმეტი თვის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი − 13,9 პროცენტი იანვარში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი ინფლაცია კი გასულ თვეში იყო − 10,4 პროცენტი. ასე რომ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული ნოემბრის ჩათვლით ინფლაციის მაჩვენებელი 13,9–10,4 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.
საინტერესოა, რა განაპირობებდა ცვალებადობას. რა თქმა უნდა, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორის მთავარი იყო ინფლაციურ პროცესებზე საგარეო თუ საშინაო ფაქტორების გავლენის ხარისხი და მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა იყო.
მზარდი ინფლაცია გლობალური პრობლემაა. აკადემიური წრეების წარმომადგენელთა შეფასებით, ის როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოშიც საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა. ჯერ იყო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა და არათუ მხოლოდ განვითარებადი, არამედ ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებზეც აისახა. მართალია, მსოფლიო ეკონომიკამ პანდემიით შექმნილ რეალობას თანდათან ალღო აუღო და რეცესიიდან ეტაპობრივად გამოსვლა დაიწყო, მაგრამ შემდეგ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტმა ეკონომიკური რეცესია კიდევ უფრო გაამწვავა.
რა თქმა უნდა, ინფლაციურ პროცესებზე საგრძნობი გავლენა ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ჰქონდა. უკვე გასული წლის აპრილიდან მოყოლებული ძირითადი მაჩვენებლები გაუმჯობესდა, პანდემიამდელი პერიოდის მონაცემებს დაეწია და ზოგიერთი მიმართულებით გაუსწრო კიდეც. ეს არის შემოსავლები ტურიზმის სფეროდან; ასევე ფულადი გზავნილების გაზრდილი მოცულობა; მზარდი ექსპორტის ხარჯზე საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდოს შემცირება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამავე პერიოდიდან ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ინფლაციის შეკავების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკაა, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. მართალია, მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული კობა გვენეტაძის უწყებამ ის უცვლელი დატოვა, გასული წლის მარტიდან ერთი წლის განმავლობაში 2,5 პროცენტით გაზარდა და ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მაღალი − 11 პროცენტია.
ანალიტიკოსთა შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ინფლაციური პროცესების მოთოკვას, მაგრამ, მეორე მხრივ, ფულს, კონკრეტულად კი საკრედიტო რესურსს აძვირებს, რაც ბიზნესის დაკრედიტებაზე მოთხოვნას ამცირებს, რაც მერე უკვე ეკონომიკური ზრდის ტემპზეც ნეგატიურად აისახება. აქვე მოგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის შერბილების, ანუ რეფინანსირების განაკვეთის უახლოეს მომავალში შემცირების პერსპექტივას საკმაოდ პესიმისტურად უყურებს.
დავუბრუნდეთ „საქსტატის“ მონაცემებს და გადავხედოთ ინფლაციის სტრუქტურას, ანუ როგორი იყო ნოემბერის თვეში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების ჩამონათვალი.
ოქტომბრისგან განსხვავებით, რეიტინგს ამჯერად ფასების ზრდის 16,8 პროცენტით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი უდგას სათავეში. ცალკეულ სახეობებზე კი ფასების ცვლის დინამიკა ასე გამოიყურება: ბოსტნეული და ბაღჩეული 26,0 პროცენტით, პური და პურპროდუქტები 23,8 პროცენტით გაძვირდა. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები გაძვირებულია 22,0 პროცენტით. ყავის, ჩაისა და კაკაოს ფასებმა 19,5 პროცენტით, ხოლო რძის, ყველისა და კვერცხის ფასებმა 18,3 პროცენტით მოიმატა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 15,7 პროცენტით, თევზეული 13,6 პროცენტით, ხოლო ზეთი და ცხიმი 10,1 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9,1 პროცენტით გაძვირდა. ხილისა და ყურძნის ფასები კი 6,9 პროცენტით გაიზარდა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში წლიური გაძვირების ოქტომბრის მაჩვენებელი 15,8 პროცენტი იყო. ასე რომ, წლიურ ჭრილში მატებამ 1,0 პროცენტი შეადგინა.
ოქტომბერში რეიტინგის სათავეში სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფი იდგა, რომელსაც ამჯერად გაძვირების 15,9 პროცენტით მეორე პოზიცია უკავია. ღვინობისთვის ეს მაჩვენებელი 16,8 პროცენტი იყო, შესაბამისად, კლებამ 0,9 პროცენტი შეადგინა. ეს ცვლილება, სავარაუდოდ, ტურისტულად აქტიური სეზონის დასრულებას უკავშირდება, თუმცა უკვე მალე ზამთრის ტურისტული სეზონიც გაიხსნება და არ გამოვრიცხავ, რომ პირველმა და მეორე პოზიციებმა დეკემბრის რეიტინგში ადგილები გაცვალონ.
რეიტინგის პირველ სამეულშია საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ფასები. ასე იყო ოქტომბრის რეიტინგშიც. ამჯერად ჯგუფში ფასები 13,5 პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადი 34,1 პროცენტით, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 11,8 პროცენტით, ხოლო ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 5,6 პროცენტით გაძვირდა. ამ ჯგუფში გაძვირების ოქტომბრის მაჩვენებელი 13,5 პროცენტი იყო. შესაბამისად, ფასის მატებამ 1,9 პროცენტი შეადგინა. მეოთხე ადგილი შინარჩუნა სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფის ფასებმა. ნოემბერში ამ ჯგუფში ფასები 11,8 პროცენტით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ოქტომბრის თვეში 12,1 პროცენტი იყო, რაც ნიშნავს, რომ წლიურ ჭრილში ფასების კლებამ 0,3 პროცენტი შეადგინა. მომდევნო პოზიცია ფასების მომატების 9,6 პროცენტით ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფს უკავია. მართალია, ოქტომბერში გაძვირების პროცენტი უფრო მაღალი, კერძოდ, 11,3 პროცენტი იყო, ჯგუფი მაინც რეიტინგის პირველი ხუთეულს მიღმა აღმოჩნდა. წლიურ ჭრილში ნოემბრის ფასების ზრდამ 1,7 პროცენტი შეადგინა.
ტრანსპორტის ჯგუფი, რომელსაც მიმდინარე წლის განმავლობაში ერთხანს პირველი და მეორე პოზიცია ეკავა, ხოლო ივლისის თვეში რეიტინგის სათავეშიც იყო, ამჯერად ხუთეულში ვერ მოხვდა. ნოემბერში ფასები წლიურად 8,2 პროცენტით გაიზარდა. ოქტომბრის მაჩვენებელი 11,6 პროცენტი იყო. ასე რომ, ფასმა 3,4 პროცენტით დაიკლო.
როგორ განაწილდა რეიტინგის მომდევნო პოზიციები? დარწმუნებული ვარ, მკითხველი პასუხის მოძიებას თავად შეძლებს. საამისოდ „საქსტატის“ ვებ-გვერდს უნდა ესტუმროს, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებს. მე კი წინამდებარე სტატიის სათაურში დასმულ კითხვაზე ვუპასუხებ.
ინფლაციის ნოემბრის თვის მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ქვეყანაში კვლავაც ორნიშნა ინფლაციაა. ამავე დროს, გამოიკვეთა კლების ტენდენცია, მეტიც, მიმდინარე წლის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ასევე ექსპერტ-ანალიტიკოსთა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ვარაუდები მომავალი წლის უკვე გაზაფხულიდან ინფლაციის ეტაპობრივად შემცირებისა და მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოების შესახებ უსაფუძვლო არ არის. დანარჩენს დრო გვიჩვენებს...
სამსონ ხონელი