მსოფლიო დღეს

სტეპლერით შეიარაღებული მამაკაცი მაღაზიის გაძარცვას შეეცადა

Sputnik
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ფლორიდაში პოლიციამ საკანცელარიო სტეპლერით „შეიარაღებული“ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელიც სასურსათო მაღაზიის გაძარცვას ცდილობდა, იუწყება WFLA.
გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის პატრიკ ებოტი მაღაზია Publix-ში შევიდა და მოლარეს საკასო ქვითარი მიაწოდა, რომელზეც ეწერა:

„ყურადღებით წაიკითხე: პისტოლეტით ვარ შეიარაღებული. ფული ჩანთაში ჩამილაგე“.

მოლარემ წერილი წაიკითხა და პოლიცია გამოიძახა, ებოტი კი მაღაზიიდან გაიქცა.
სამართალდამცველებმა ის მოგვიანებით დააკავეს ერთ-ერთ ქუჩაზე, როდესაც წერილის გადაგდებას ცდილობდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა პოლიციამ, რომ ებოტი პისტოლეტით კი არა, ჩვეულებრივი საკანცელარიო სტეპლერით იყო „შეიარაღებული“. მიუხედავად ამისა, პატრიკ ებოტს ბრალი შეიარაღებული ძარცვის მუხლით წაუყენეს.