მსოფლიო დღეს

NASA მთვარეზე ჟანგბადის მილსადენის აგებას აპირებს

Sputnik
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის სააგენტო NASA მთვარეზე ჟანგბადის მილსადენის აგების საკითხზე მუშაობს, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე Artemis-ის მომდევნო მისიების ასტრონავტებს ცხოვრებას გაუადვილებს, წერს პორტალი Interestingengineering.
გავრცელებული ინფორმაციით, მილსადენის კონსტრუქცია ამ დროისათვის ჯერ კიდევ მუშავდება.
მეცნიერების აზრით, ჟანგბადის მილსადენი სამხრეთ პოლუსზე მთვარის ყინულის მოპოვების ცენტრს უნდა დაუკავშირდეს. ეს სწორედ ის ადგილია, რომლის გამოც შეერთებულ შტატებს, ჩინეთსა და რუსეთს შორის დიდი დავაა გამართული, ვინაიდან იქ უზარმაზარი რაოდენობის ყინული და სხვა რესურსებია თავმოყრილი.
მთვარის ყინულის მოპოვება NASA-ს გეგმების მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან მისგან წყლისა და ჟანგბადის მიღებაა შესაძლებელი, რომელთა გამოყენებაც არა მხოლოდ სასმელად და სასუნთქად შეიძლება, არამედ სარაკეტო საწვავადაც.
აღინიშნება, რომ მთვარეზე აგებული ჟანგბადის მილსადენი არ დააბინძურებს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ეკოლოგიას, ვინაიდან, დედამიწისგან განსხვავებით, მთვარეს ატმოსფერო არ აქვს და წარმოების ყველა ნარჩენი უბრალოდ კოსმოსში გაიფანტება.
NASA-ს მეცნიერები, რომლებმაც უკვე მიიღეს სპეციალური დაფინანსება, ამ დროისათვის 5 კმ სიგრძის მინი-მილსადენის კონცეფციაზე მუშაობენ, რომელიც, დიდი ალბათობით, ალუმინისგან დამზადდება.
Interesting Engineering