თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის" მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა თავის კლუბთან ერთად მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმარტივესი მატჩი ჩაატარა ხიხონის „სპორტინგთან" და კოპა დელ რეის მეოთხედფინალში გავიდა.
ესპანეთის თასის მერვედფინალში „ვალენსიამ" „სპორტინგი" ანგარიშით 4:0 დაამარცხა. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გოლკიპერი მატჩის პირველივე წუთებიდან გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მას მთელი მატჩის მანძილზე რაიმე დიდი ძალისხმევის გამოჩენა არ დასჭირვებია.
ანგარიში სტუმრებმა მატჩის მეათე წუთზე ურუგვაელი თავდამსხმელის ედინსონ კავანის გოლის წყალობით გახსნეს. 21-ე წუთზე ჯასტინ კლაივერტმა ანდრე ალმეიდას გადაცემით გაზარდა „ღამურების" უპირატესობა. მატჩის 39-ე წუთზე 35 წლის თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ სამუელ ლინოს გადაცემის შემდეგ დუბლი შეასრულა და ანგარიში გაზარდა. 64-ე წუთზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა სამუელ ლინომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0 „ვალენსიის" სასარგებლოდ.
ხიხონის გუნდი ამ სეზონში საუკეთესოდ არ გამოიყურება. „სპორტინგი" ამჟამად მეორე დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, ხოლო „ვალენსია" ლა ლიგაში მე-12 ადგილზეა.
მამარდაშვილის კლუბის მეტოქე 20 იანვარს გაირკვევა მეოთხედფინალების წილისყრაზე.