„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია თბილისის მერიის საკუთრებაში გადავა

სპორტული კომპლექსი 2014 წელს თითქოსდა რემონტის გამო დაიკეტა, მაგრამ თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი ადგილის მომავალი დღემდე უცნობია.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საცურაო აუზის „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიას მერიას საკუთრებაში გადასცემს, განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
„ლაგუნა ვერე“ ყოფილი სპორტული კომპლექსია. მის ტერიტორიაზე ოთხი აუზია, რომელთაგან ერთი დახურულია. ივანიშვილმა კომპლექსი 2007 წელს შეისყიდა. აუზი თითქოსდა რემონტის მიზნით 2014 წელს დაკეტეს, თუმცა მას შემდეგ დღემდე არ გახსნილა.

„ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. რაც შეეხება აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორიას, ის განვითარდება ისე, რომ არსებული სივრცე არ დაინგრეს“, – განაცხადა კალაძემ.

პროექტი განხორციელდება ახლის და ძველის შერწყმის გზით, აღნიშნა მერმა.
ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფონდი „ქართუ“ აბრეშუმის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს ორი კოშკით. შენობა ამჟამად იჯარით არის გაცემული სხვადასხვა კომპანიაზე და გამოიყენება, როგორც საგამოფენო სივრცე.
პროექტი მოიცავს სავაჭრო–საოფისე, საცხოვრებელ და სათავსო ნაგებობებს. რაც შეეხება აუზს, მის შემდგომ ბედთან დაკავშირებით მფლობელი ჯერ გარკვეული არ არის – გარემონტდება კომპლექსი თუ ახალი აშენდება.
მერის განცხადებით, ჯერ წარმოდგენილი არ არის აუცილებელი დოკუმენტები და ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება.
„ლაგუნა ვერეს“ კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართცველი არქიტექტორების პროექტით შენდებოდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე“ თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს