გაძვირდება თუ არა საქართველოში პური - ექსპერტის მოსაზრება

საქართველოს სამი თვის ფქვილის მარაგი აქვს, ხოლო მომავალში როგორ იქნება საქმე, ეს დამოკიდებულია რუსეთში არსებულ ვითარებაზე.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოში პურის გაძვირება მარტამდე არ არის მოსალოდნელი, ფქვილის მარაგი კი საკმარისი იქნება სამი თვე, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან" ინტერვიუში „პურის მწარმოებელთა კავშირის" თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.
ყველაზე მაღალი მოთხოვნა სოციალურ პურზეა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას საშუალოდ 1,2 ლარი უჯდება. რაც შეეხება პურის საცალო ფასებს, ექსპერტის თქმით, მაღაზიები 0,3-0,4 ლარს ამატებენ, ზოგიერთი საცალო ობიექტი კი 0,5 ლარსაც.

„ახლა სტაბილური სიტუაციაა, წინა წლებთან შედარებით ფქვილის ღირებულება დასტაბილურდა. ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება საშუალოდ 70 ლარია. 2021 წელს ფასები 80-100 ლარს აღწევდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მარტამდე პრობლემა არ შეიქმნება“, – განაცხადა დოლიძემ.

მარაგების წყალობით ფასების სტაბილურობა მარტამდე შენარჩუნდება. საქართველოს აქვს 60 ათასი ტონა ფქვილის მარაგი, რომელიც სამი თვის განმავლობაში ეყოფა, აღნიშნა მან.
მარტის შემდეგ რა იქნება, ექსპერტის აზრით, დამოკიდებულია რუსეთში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც საქართველოსთვის ფქვილისა და ხორბლის მთავარი მომწოდებელია.
საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე უწინდებურად მაღალია. 2022 წლის იანვარი-სექტემბერში რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილმა ამ პროდუქტების მთლიან იმპორტში 96% შეადგინა. საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (78%-მდე) რუსეთიდან შემოდის.
წისქვილები შესაძლოა ისევ გაჩერდეს - ლევან სილაგავა>>>
რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე გადასახადი 2023 წლის 11 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით გაიზრდება 14,5%-ით და ტონაზე 4.766,3 რუბლს შეადგენს. რუსეთი მრავალი წელია უკვე საქართველოს ხორბლის მთავარი მომწოდებელია, ამიტომ რუსეთის ფედერაციაში საექსპორტო გადასახადის ყოველი ზრდა ქვეყნისთვის შეშფოთების მიზეზი ხდება.
გარდა ამისა, როგორც დოლიძემ განაცხადა, სფეროში ჯერ კიდევ არის პრობლემები. კერძოდ, მთავარი პრობლემა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.
„პრობლემები, რა თქმა უნდა, რჩება – პირველ რიგში, კვალიფიციური კადრების გადინება დაბალი ხელფასების გამო. მცხობელები საშუალოდ 600-700 ლარს გამოიმუშავებენ. ბევრი მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ. ასევე პრობლემებია ლოჯისტიკაში ქალაქის გადატვირთულობის გამო“, – განაცხადა ექსპერტმა.
ახალი წესი
1 ივნისიდან საქართველოში კვების საწარმოებმა კონტროლის სისტემა უნდა შემოიღონ, რომელიც პურის მწარმოებლებსაც შეეხება.
სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნეს-ოპერატორი ვალდებული იქნება, რისკების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს. სისტემა საშუალებას იძლევა, შეიქმნას და განისაზღვროს პერსონალის შრომის პირობები, აღჭურვილობა, ნედლეული, სამუშაო გარემო, დასუფთავების პირობები, რაც აუცილებელია ჯანსაღი საკვების წარმოებისთვის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოებში.
„ეს იგივეა, რაც ადრე გვქონდა – პრევენციული შემოწმება. ეს საჭიროა. პირველ რიგში, ეს სიახლე ხელს შეუწყობს კადრების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას და, მეორეც, წარმოების პროცესში ჰიგიენური ნორმების დაცვას", – განაცხადა დოლიძემ.
ექსპერტი აუცილებლად მიიჩნევს სამი გაიდლაინის მომზადებას – მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოებისთვის, რათა თანამშრომლებმა მკაფიოდ იცოდნენ, რა წესები უნდა დაიცვან.