მსოფლიო დღეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინას ყველა სახის იარაღი უნდა გადაეცეს

Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. დასავლელმა მოკავშირეებმა აუცილებლად უნდა გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის დონე და მისთვის გაგზავნილი იარაღის რაოდენობა, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.
ევროკომისარს იმედი აქვს, რომ უკრაინის საკითხთა საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია), მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება უკრაინის მხარდასაჭერად.

„ევროკავშირს თავისი ჯარები არ ჰყავს, მაგრამ მე იმთავითვე ვაცხადებდი, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა სახის სამხედრო აღჭურვილობა, რაც მას სჭირდება და რომლის გამოყენებაც შეუძლია — თანამედროვე სისტემების ჩათვლით. ამიტომაც ველოდები, რომ 20 იანვარს რამშტაინის ბაზაზე შეხვედრისას მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება წინ უკრაინის მხარდასაჭერად“, — აღნიშნა მან.

ფონ დერ ლაიენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მზადდება. მისი თქმით, ახალი რესტრიქციები შესაძლებელს გახდის დაიხუროს ყველა ის ხვრელი, რომლებსაც ზოგი ქვეყანა ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებს.