სტრასბურგის სასამართლო საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებს იხილავს

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ 2021 წლის ზაფხულში მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლები.
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეუდგა მასმედიის 16 წარმომადგენლის სახელით წარდგენილი სარჩელის განხილვას 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლის დარღვევის თაობაზე, იუწყება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
2021 წლის 5 ივლისს თბილისში იგეგმებოდა ლგბტ-თემის აქცია, რომელიც არ შედგა, ხოლო მათმა მოწინააღმდეგეებმა ჯავრი მასმედიის წარმომადგენლებზე იყარეს – სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი თუ კამერა ეჭირა. ანალოგიური ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე 6 ივნისსაც მოხდა. ორ დღეში დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი.
ჟურნალისტები და ასოციაცია მიიჩნევენ, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს მათ მიმართ დაირღვა კონვენციის ისეთი მუხლები, როგორიცაა „წამების აკრძალვა“, „დისკრიმინაციის აკრძალვა“, „აზრის გამოხატვის თავისუფლება“, „სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უფლება“.
მოსარჩელეთა აზრით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის აღკვეთა და სათანადო რეაგირების მოხდენა იმაზე, რაც შემდეგ მოხდა.
ამავდროულად სარჩელში ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა განცხადებებმა შეასრულა 5 ივლისის მოვლენების კატალიზატორის როლი.
მოსარჩელეთა მტკიცებით, ისინი დაშავდნენ იმის გამო, რომ არიან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მასმედიის წარმომადგენლები და/ან იმის გამო, რომ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ისინი ლგბტ-თემთან გააიგივეს.
ასოციაციის მონაცემებით, საქმის განხილვის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელისუფლებას გაუგზავნა ექვსი კითხვა, რომლებზეც მთავრობამ პასუხი 9 მაისამდე უნდა გასცეს.
კერძოდ, სასამართლოს აინტერესებს, შეასრულეს თუ არა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა მოსარჩელეთა დასაცავად პრევენციულ ზომებთან დაკავშირებული ვალდებულებები, ჩატარდა თუ არა სასტიკი მოპყრობის შესახებ და პოლიციის მხრიდან დაცვის არარსებობის შესახებ მოსარჩელეთა განცხადებების ეფექტური გამოძიება.
ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორების გამო დააკავეს 27 ადამიანი. მათ ბრალად ედებათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, დევნა, ჩადენილი ძალადობის მუქარით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
2022 წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მისი უწყება არ განიხილავდა მასმედიაზე თავდასხმის ალბათობას. მისი სიტყვებით, მთელი ყურადღება გადატანილი იყო ლგბტ-თემის უსაფრთხოების დაცვაზე.