რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - 2022 წლის მონაცემები

2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს საავიაციო ბაზარზე უნგრული Wizz Air ლიდერობს.
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. 2022 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებით 4,4 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, რაც 2021 წელთან შედარებით 78%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მგზავრთნაკადის ზრდა სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 85%-ია.
მგზავრთნაკადი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში - 2022 წელი

აეროპორტი

მგზავრების რაოდენობა

ზრდა, %

თბილისი

2.998.785

78

ქუთაისი

796.063

182

ბათუმი

616.885

20

გასულ წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობის მაჩვენებელი 81%-ით დაიბრუნა, ქუთაისის აეროპორტმა – 91%-ით, ბათუმის აეროპორტმა კი – 99%-ით.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია 9.385 მგზავრს მოემსახურა, რაც 150%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 9%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე.
ამბროლაურის აეროპორტი 2.657 მგზავრს მოემსახურა, რაც 33%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 35%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე.
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისში ავიაბაზას აფართოებს>>>
2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 96%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 148%-ს შეადგენს. აეროპორტი 17.541 მგზავრს მოემსახურა.
2022 წელს საქართველოს აეროპორტებში 21.430 რეისი განხორციელდა. აქედან გეგმური ფრენების რაოდენობა 16.290, ჩარტერული ფრენების რაოდენობა კი 5.140 იყო. 2021 წელთან შედარებით ფრენების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 88%-ია.
1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 41 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 60 მიმართულებით ასრულებენ.
2022 წელს საქართველოში ათმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო ფრენა, ასევე ქვეყანას წლის განმავლობაში ცხრა ახალი მიმართულება დაემატა.
2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს საავიაციო ბაზარზე უნგრული Wizz Air ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 588.226 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.
ტოპ-5 ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე - 2022 წელი

ავიაკომპანია

მგზავრების რაოდენობა

წილი ბაზარზე, %

Wizz Air

588.226

13

Turkish Airlines

546.895

12

Pegasus

408.780

9

Belavia

243.620

6

Fly Dubai

227.612

5

რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით ათეულში შედიან Azerbaijan Airlines – 5%, Israir – 4%, Flynas – 4%, Georgian Airways – 3%, Fly Arystan – 3%.
2021 წელს საქართველოს აეროპორტებში 40 საერთაშორისო ავიაკომპანია ოპერირებდა, რომლებიც დაახლოებით 2,5 მლნ მგზავრს მოემსახურნენ. პანდემიამდე, 2019 წელს კი საავიაციო ბაზარზე 40 ავიაკომპანია ოპერირებდა, ხოლო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 5,2 მილიონს შეადგენდა.