თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ უარყო მერიის მიმართ გამოთქმული ბრალდებები გასულ შაბათს დედაქალაქის გარეუბანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
ტრაგედია თბილისში 14 იანვარს მოხდა. ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა კაბინაში შესვლისას შახტში ჩავარდა. მეუღლე მის დასახმარებლად შახტში ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ცოლ-ქმარი მოიყოლა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გარკვეული ადამიანები მიზანმიმართულად თუ გაუცნობიერებლად ცდილობენ მომხდარში დედაქალაქის მერიის დადანაშაულებას.
„ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ, სამწუხაროდ, როდესაც ტრაგედია ხდება, მაშინვე იწყება სპეკულაციები და კონკრეტული სამწუხარო შემთხვევისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემა", – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ლიფტების უსაფრთხოების საკითხს, კალაძის თქმით, არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება – ლიფტების ექსპლუატაციის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
რეგლამენტის თანახმად, ლიფტების გამოყენების უსაფრთხოებისთვის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა“ ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში, და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, აღნიშნა კალაძემ.
„მეგობრებო, სადარბაზოები და ლიფტები – თქვენი საკუთრებაა. ლიფტი მათი საკუთრებაა, ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება და რეაბილიტაცია-განახლება", – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის“ ხელშეწყობისთვის გარკვეული პროგრამები მოქმედებს.
მხოლოდ გასულ წელს „ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ასეულობით ლიფტი განახლდა და მოწესრიგდა. აღნიშნულ პროგრამაზე მერია ყოველწლიურად 40 მილიონ ლარს ხარჯავს, განაცხადა მერმა.
„თუ ლიფტს რემონტი სჭირდება, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ რაიონულ ადმინისტრაციას (გამგეობას), რომელიც შესაძლებლობებიდან გამომდინარე ფინანსურ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ", – აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა თავის მოადგილეს კახა გულედანს დაავალა, რომ შესაბამისი ინფორმაცია მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდეს, რათა ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.