ლავროვს იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე განახლდება

Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
ღონისძიება 2022 წელს რუსული დიპლომატიის საქმიანობის შეჯამებას მიეძღვნა.

„მოხარული ვარ, რომ ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ შარშან საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა დიდწილად ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ პირდაპირი ფრენების განახლებასაც“, — აღნიშნა რუსმა მინისტრმა.

მანამდე, 2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც იმავე წლის 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.