თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ქართველი ფოტოგრაფის გიორგი ქარდავას პერსონალური გამოფენა 17 იანვარს iArt gallery-ში იხსნება.
ქარდავამ გამოფენა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დააანონსა და აღნიშნა, რომ ღონისძიების სტუმრები ნახავენ „როგორც უკვე ნაცნობ ძველ ჰიტებს, ისე ახალ შლაგერებს“.
„და თუ სერიოზულად, მთელი გამოფენა საქართველოში გადაღებული პორტრეტების ირგვლივ იტრიალებს: ჩემი სამშობლოს სტუმრებისა და „მაგარი“ თანამემამულეების, რომელთა გადაღების ბედნიერებაც სხვადასხვა ქვეყანაში მხვდა წილად“, – დაწერა ქარდავამ.
მოვლენა მნიშვნელოვანია ფოტოგრაფისთვის, რამდენადაც ეს არა მხოლოდ საქართველოში, საერთოდ მისი პირველი გამოფენაა. გამოფენა 24 იანვრამდე გაგრძელდება.
გიორგი ქარდავა წალენჯიხაში დაიბადა. 2000 წელს მოსკოვში სასწავლებლად წავიდა, რის შემდეგ ფოტოგრაფიას მიჰყო ხელი.
ამ სარბიელზე მან დიდ წარმატებებს მიაღწია; მისი ობიექტივის წინ პოზირებდნენ ცნობილი მსახიობები - კონსტანტინ ხაბენსკი, ნიკიტა ეფრემოვი, დანილა კოზლოვსკი, შემსრულებლები - გრიგორი ლეპსი, ბასტა. ის მუშაობდა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებთან, რომელთა შორის არიან რობერტ დე ნირო, ვენსან კასელი, ფრანჩესკო ტოტი. გარდა ამისა, მას მიჰყავს საავტორო ბლოგი „გიორგი კადრს მიღმა“.