თაღლითობა და სიმულაცია: ვიცე-სპიკერი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობაზე

სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ადვოკატების განცხადებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, განაცხადა გია ვოლსკიმ.
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებები თაღლითობა და სიმულაციაა, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მისი ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.

„არის ყველა მინიშნება იმისა, რომ ადგილი აქვს თაღლითობას და სიმულაციას, რადგანაც ერთ დღეს ამბობენ, რომ ადამიანს აქვს დემენცია და შემდეგ ირკვევა, რომ იგი გრძელ წერილებს წერს“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ადვოკატების განცხადებები სიმართლეს იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ აუცილებელია მისი საქართველოდან გაყვანა, აღნიშნა ვოლსკიმ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
თბილისის საქალაქო სასამართლო ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს განიხილავს.
სააკაშვილის სასამართლო განახლდა - მსჯავრდებული პროცესში არ მონაწილეობს>>>
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ოთხი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი და ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი სასამართლოში უკვე დაიკითხა.
მათი დიაგნოზების თანახმად, სააკაშვილს აქვს დაავადებების გრძელი სია, მათ შორის მძიმე მეტალების ორგანიზმში მოხვედრით გამოწვეული პროგრესირებადი დემენცია. გარდა ამისა, არსებობს კუჭის კიბოს განვითარების რისკი.
ექიმებმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.
დეპუტატი: სააკაშვილს პარტიული მიზნებისთვის იყენებენ>>>
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.