თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებულს, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერს და საჭადრაკო „ოსკარის“ ოთხგზის მფლობელს მაია ჩიბურდანიძეს დღეს 62 წელი შეუსრულდა.
მაია ჩიბურდანიძე – საბჭოთა და ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი 1978–1991 წლებში. საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული, ხუთჯერ - სსრკ ნაკრების შემადგენლობაში და ოთხჯერ - საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.
მოჭადრაკე 1961 წლის 17 იანვარს ქუთაისში დაიბადა.
ჩიბურდანიძეს ჭადრაკის თამაში ათი წლით უფროსმა ძმამ ასწავლა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე უგებდა თავის „მასწავლებელს“, ამიტომ მშობლებმა მაია ჭადრაკის წრეზე მიიყვანეს. ასე, რვა წლის ასაკში დაიწყო მისი გზა ჭადრაკის ვარსკვლავებისკენ.
ქალთა შორის ოლიმპიადებზე მოგებათა რაოდენობის მიხედვით ჩიბურდანიძე მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილს ჩამორჩება.
ჭადრაკში სსრკ-ის ოლიმპიური ნაკრების წევრები (მარცხნიდან მარჯვნივ) მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და ნონა გაფრინდაშვილი
© photo: Sputnik / Dmitry Donskoy
/ მაია ჩიბურდანიძემ ქალთა შორის პირველმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 17 წლის ასაკში. ტიტული მას 1978 წელს კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკისგან, ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილისგან გადაეცა. ჩიბურდანიძემ გაფრინდაშვილს ანგარიშით 8,5:6,5 მოუგო.
2019 წლის 5 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში საზეიმოდ გაიხსნა მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის აკადემია, სადაც სწავლება ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის საავტორო პროგრამით მიმდინარეობს.