თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა ოფიციალურად გააფორმეს დოკუმენტი საერთაშორისო ბანკის მიერ თბილისის მეტროსადგურების შეკეთებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
მეტროსადგურების შეკეთებისთვის სესხის სახით 50,6 მილიონი ევროს გამოყოფის პროექტი 2023 წლის 11 იანვარს დამტკიცდა. იგი თანადაფინანსებული იქნება მწვანე კლიმატის ფონდის 5 მილიონი ევროს ოდენობის საინვესტიციო გრანტით.
პროექტი ითვალისწინებს თბილისის 12 მეტროსადგურის შეკეთებას და მოდერნიზაციას.
პროექტი არის უფრო ფართო პროგრამის ნაწილი, რომელიც უნდა დაეხმაროს ქალაქის ხელისუფლებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის სისტემის რეფორმირებაში ავტობუსების და მეტროს სისტემების განახლების და ქსელის რესტრუქტურიზაციის დაფინანსების გზით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია სესხს ორი ტრანშის სახით მიიღებს - პირველი ტრანშის ოდენობა 30,3 მილიონი ევრო იქნება. მეორე ტრანშის - 20,3 მილიონი ევრო.
საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის განმავლობაში EBRD-მა 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტში.