თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. გერმანიის თავდაცვის მინისტრი შესაძლოა ბორის პისტორიუსი გახდეს, იუწყება გაზეთი Spiegel.
პისტორიუსი, რომელსაც 2013 წლიდან უკავია ქვემო საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, თანამდებობაზე კრისტინ ლამბრეხტს ჩაანაცვლებს.
როგორც გამოცემა წერს, ბორის პისტორიუსს ფედერალური პოლიტიკური ამბიციები აქვს. 2019 წელს ის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეობაზე იყრიდა კენჭს, როგორც ოლაფ შოლცის ოპონენტი.
აღინიშნება, რომ პისტორიუსი პირდაპირი გამონათქვამების გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და „შესამჩნევი“ მინისტრია ქვემო საქსონიაში.
„მას კარგი კავშირ-ურთიერთობები აქვს უსაფრთხოების ორგანოებთან, კარგადაა გარკვეული ლტოლვილებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში და მეტად კონფლიქტურია პარტიულ კოლეგებთან“, — წერს Spiegel.
გარდა ამისა, აღინიშნება, რომ პისტორიუსს არაერთხელ გამოუკვეთია შიდაპოლიტიკური აქცენტები — იქნებოდა ეს ხულიგნებთან ბრძოლა თუ ისლამისტური საფრთხეებისა და მათი დეპორტაციის შესახებ დებატები.