თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან შეხვედრაზე საქართველოს საქმიანი პარტნიორობის პოტენციალი და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრა შედგა ღარიბაშვილის შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, სადაც ყოველწლიური დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება.
„ჩვენი სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა იძლევა უამრავ შესაძლებლობებს პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დასამყარებლად“, – დაწერა ღარიბაშვილმა „ტვიტერის" გვერდზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სასტუმროების და კურორტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა ჰოლდინგის ხელმძღვანელს საქართველოს მდიდარი რესურსებისა და დიდი პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
კატარის საინვესტიციო საზოგადოება კატარის სახელმწიფო ჰოლდინგია, რომელიც შიდა და უცხოურ ინვესტიციებზეა სპეციალიზებული. ჰოლდინგი 2005 წელს დაარსდა აქტივების დივერსიფიკაციის გზით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით. 2021 წელს კატარის საინვესტიციო საზოგადოებას დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა. ჰოლდინგის წარმომადგენლები გასულ წელს საქართველოშიც იმყოფებოდნენ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 16–23 იანვარს ტარდება. ფორუმის თემაა „თანამშრომლობა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში“.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან.
დაგეგმილია ღარიბაშვილის გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე.