„სპეკულაციაა“: დეპუტატი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების ირგვლივ ვითარებაზე

რუსეთიდან შემოსულთა დიდი რაოდენობა ეთნიკურად ქართველია, რომლებიც საქართველოდან თავის დროზე წავიდნენ, აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. სპეკულაციები რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოსვლასთან დაკავშირებით გრძელდება, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ დავით მათიკაშვილმა.
ბოლო რვა თვის განმავლობაში რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ საქართველოში იყიდა 15 ათასზე მეტი უძრავი ობიექტი, მათ შორის 13 ათასზე მეტი ბინა; ხოლო რუსეთის 11 ათასამდე მოქალაქემ საკუთრებაში დაარეგისტრირა 14 ათასამდე მიწის ნაკვეთი. ინფორმაცია გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

„სპეკულაციები რუსეთიდან ადამიანების შემოდინებასთან დაკავშირებით გრძელდება. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, უმეტესწილად ამ ადამიანების დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია, ამ ქვეყნის შვილები, თავის დროზე საქართველოდან რუსეთში გასული პირები არიან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასე რომ, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, აღნიშნა დეპუტატმა.
„ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არის და არანაირი კითხვის ნიშანი აქ არ არის“, – დასძინა მათიკაშვილმა.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთიდან ადამიანები უკრაინის კონფლიქტის შემდეგ მასობრივად და უკონტროლოდ შემოდიან, რაც, მათი თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ზოგიერთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების წინადადებითაც გამოვიდა.
საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა და დარჩა რუსეთის 112 ათასზე მეტი მოქალაქე.
საქართველოში ტურისტების რიცხვი რუსეთიდან ხუთჯერ გაიზარდა>>
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მხრივ რუსეთის მოქალაქეები პირველ ადგილზე არიან – გასული წლის 11 თვეში მათ დაახლოებით 998 ათასი ვიზიტი განახორციელეს.
პირველ ადგილზეა რუსეთი საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მხრივაც – 1,7 მლრდ დოლარი იანვარ-ნოემბერში, ანუ წინა წელთან შედარებით 470%-ით მეტი.
საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 49,2%-ით გაიზარდა და 2,2 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი საქართველოდან რუსეთში თითქმის 9%-ით გაიზარდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს