თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Massimo Dutti-ს ბრენდის სარეკლამო კამპანიის სახე გახდა.
Massimo Dutti-მ წარმოადგინა 2023 წლის კოლექცია სახელწოდებით Upside Down, რომლის სახეც პირველად მატილდა გვარლიანი გახდა.
ბრენდმა სოციალურ ქსელში ფოტოების სერია გაავრცელა. ქართველი გოგონა ქალაქის ქუჩებში მინიმალისტური და ყოველდღიური, ელეგანტური ლუქებით პოზირებდა. მატილდა მუშაობდა ფოტოგრაფ ბრუნო სტაბთან და სტილისტ ჯეისონ რაიდერთან.
მატილდა გვარლიანი
© courtesy of Niko Abuladze
მატილდა გვარლიანი 19 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.