„მაქსიმუმს ვაკეთებთ“ - აზარაშვილმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლების პროტესტზე ისაუბრა

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წელს უწყებას მედიცინის მუშაკებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესება მოუწია.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე ექიმების პირობების გასაუმჯობესებლად, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე.
რამდენიმე დღის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს – ისინი ხელფასების გაზრდას, შრომის ნორმალური პირობების შექმნას და ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ კურიერად მუშაობა უწევთ, რომ თავი და ოჯახი გამოკვებონ. მომდევნო აქცია 17 იანვრისთვის არის დაგეგმილი.
აზარაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, წელს ჯანდაცვის სამინისტროს მინიმალური ხელფასის ცნების დაწესება მოუწია. ექთნის შემთხვევაში ის 800 ლარს აღწევს, ექიმის – 1200 ლარს.
სასწრაფო დახმარების ექიმების შემთხვევაში თითოეული მორიგეობის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ერთ დღე-ღამეში ისინი 250 ლარს იღებენ. აზარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს პრემია სამჯერ ჩაურიცხა.

„ჩვენს უწყებაში შემავალ არცერთ სხვა სამსახურს სამჯერ ასეთი პრემია, ბონუსი არ აუღია“, – განაცხადა აზარაშვილმა.

რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ექიმების დაზღვევას, აზარაშვილის თქმით, ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს დაიწყო მათთვის ახალი სადაზღვევო პაკეტის შემუშავება. მინისტრი ირწმუნება, რომ პირობები ორჯერ არის გაუმჯობესებული.
მინისტრის განცხადებით, ოფისების უდიდეს ნაწილში დაწყებულია რემონტი, ცალკე კეთდება თბილისის სასწრაფო დახმარების ოფისი, რომელიც რამდენიმე თვეში გაიხსნება. აზარაშვილის თქმით, მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება, ახალ მანქანებს კი მიმდინარე წელს მიიღებენ.

„ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შეგვიძლია. ეს არის, რასაც ვაკეთებთ და არ მინდა, ისეთი განცდა დარჩეს საზოგადოებას, რომ ვართ ოფისებში და არაფერს ვაკეთებთ. ეს არის, რაც შეგვიძლია, რასაც ვაკეთებთ და კიდევ ბევრს გავაკეთებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მანამდე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უარყო ინფორმაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების სამუშაო პირობების გაუარესების შესახებ.
სასწრაფო დახმარების მედიკოსთა განცხადებით, იანვრიდან მათ დამატებითი მორიგეობების აღება აუკრძალეს, რითაც მათ მეტი ხელფასის აღების შესაძლებლობა ჩამოართვეს. აგრეთვე მათ აღარ აქვთ კერძო სამედიცინო დაზღვევა, აღარ ტარდება მანქანების დეზინფექცია.
„112“-ის ადმინისტრაციამ ეს ინფორმაციაც უარყო და განაცხადა, რომ მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები უკმაყოფილო თანამშრომლებთან.