თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანზაციაში (CERN) დიდ ადრონულ კოლაიდერზე ახალი კვლევების რაოდენობა ნულამდე შემცირდა, იუწყება The Guardian.
გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ არ არსებობს შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა იყვნენ მოხსენიებული სამეცნიერო პუბლიკაციებში რუსი და ბელორუსი სწავლულები.
როგორც CERN-ში აღნიშნავენ, რუსული ჯარების უკრაინაში შესვლის შემდეგ ინსტიტუტის ზოგიერთი წევრი ეწინააღმდეგება არა მხოლოდ რუსული ცენტრების წარმომადგენლებთან, არამედ თავად CERN-ის რუს თანამშრომლებთან თანაავტორობას. The Guardian-ის ცნობით, CERN-ის თანამშრომლებს შორის რუსების რაოდენობა პერსონალის დაახლოებით 7%-ს შეადგენს.
როგორც რუსმა ფიზიკოსმა ფიოდორ რატნიკოვმა განუცხადა გამოცემას, უკრაინელი კოლეგების უმეტესობა არ ამბობს უარს რუსებთან ერთად მუშაობაზე.
„ჩვენ გვყავს უკრაინელები, ვისთვისაც ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია. მაგრამ ჩემი უკრაინელი კოლეგების უმეტესობა უკრაინაში შეჭრას რუს კოლეგებს არ აბრალებს. მე ვიტყოდი, რომ უფრო რადიკალურები ევროკავშირელი კოლეგები არიან“, — განაცხადა რატნიკოვმა.
2022 წლის 8 მარტს CERN-მა დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და თანამშრომლობა შეწყვიტა რუსულ ინსტიტუტებთან. გარდა ამისა, მან განუსაზღვრელი ვადით ჩამოართვა რუსეთის ფედერაციას დამკვირვებლის სტატუსი. იმავე წლის 17 ივნისს CERN-ის საბჭომ გადაწყვიტა, არ განუახლოს რუს და ბელორუს თანამშრომლებს ხელშეკრულებები მას შემდეგ, რაც 2024 წელს მათი კონტრაქტები ამოიწურება.