ქართველი დიპლომატი და მისი სხვადასხვა „გემოთი თამაში“

როცა პატარა იყო და სხვა ბავშვები თოჯინებით თამაშობდნენ, ის ბალახებისგან, ქვიშისა და ფოთლებისგან სხვადასხვა „კერძებს ამზადებდა“. როცა წამოიზარდა, საერთაშორისო დიპლომატიით დაინტერესდა, სწავლის დროს არაერთ საერთაშორისო პროექტში იყო მიწვეული.
Sputnik
თუმცა, ძირითადი პროფესიის ათვისების პერიოდში ვერც ბავშვურ გართობა-გატაცებას შეელია. დღეს მომავალი დიპლომატი მარიამ მალაყმაძე კულინარიას პროფესიულ დონეზე ეუფლება. სოციალურ ქსელებში გამოტანილი მისი კერძები და რეცეპტები დიდ მოწონებას იმსახურებს.
მარიამ მალაყმაძე
- მარიამ, მომავალი პროფესიის არჩევაში რა დაგეხმარათ?
- სხვადასხვა აქტივობებში სკოლის დროიდან ვიღებდი მონაწილეობას, რაც ალბათ მომავალი პროფესიის შერჩევაშიც დამეხმარა. დიდი სურვილი მაქვს, რომ ელჩის საქმიანობა შევისწავლო და სამომავლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ჩემს ქვეყანას ამ კუთხით მოვუტანო სარგებელი. ყურადღების გამახვილება მინდა ისეთ თემაზე, როგორიცაა „სამართალი და ურთიერთობები“.
მარიამ მალაყმაძის მიერ მომზადებული დესერტი
- თქვენს რომელ წარმატებას გაიხსენებთ?
- გავიხსენებ დიდ ბრიტანეთში მოწყობილ ახალგაზრდა დიპლომატთა შეკრებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნის sexurity council-ს ან UNDP-ს და მე მომიწია ვყოფილიყავი გერმანიის წარმომადგენელი. ეს კონფერენცია ბრიტანეთის რეჯენტის უნივერსიტეტში ტარდებოდა. მაშინ პროგრამა 100%-ით დამიფინანსდა.
მარიამ მალაყმაძის მიერ მომზადებული დესერტი
- თქვენს გატაცებაზეც მოგვიყევით, ვიცი, რომ ძირითადად კონდიტერიით ხართ დაინტერესებული...
- დიახ, ასეა, მაგრამ კონდიტერიაც და კერძების მომზადებაც თანაბრად კარგად გამომდის. მიხარია, რომ ჩემს კერძებს სიამოვნებით მიირთმევენ. ჩემი მომზადებული უცხოური კერძებიდან ყველაზე მეტ ქათინაურს სუში იმსახურებს, ქართული კერძებიდან – ხინკალი. 13 წლიდან ყველაფერს თითქმის პროფესიულ დონეზე ვამზადებ, მაგრამ ხალხს უჭირს ამის დაჯერება.
მარიამ მალაყმაძის მიერ მომზადებული დესერტი
- რაიმე კულინარიული საიდუმლო თუ გაქვთ?
- მე და დედას გვაქვს ჩვენი პატარა კულინარიული საიდუმლო, რითაც ვახერხებთ, რომ ჩვენი მომზადებული ნამცხვრები გემოთი სხვებისგან გამორჩეული იყოს. ამ პატარა საიდუმლოს მომავალში აუცილებლად გავუმხელთ საზოგადოებას. ბოლო დროს ბევრი მოწონება დაიმსახურა ჩემ მიერ გაკეთებულმა სუშის ფოტოებმა. ყველამ აღნიშნა, რომ ის ესთეტიკურად კარგი სანახავია და მადის აღმძვრელად გამოიყურება.
მარიამ მალაყმაძის მიერ მომზადებული დესერტი
- როგორია გემოს თქვენეული საუკეთესო კომბინაცია?
- ვფიქრობ, რომ ხილი და ხორცი საუკეთესო კომბინაციაა ერთმანეთის დასაბალანსებლად. ყველაფერი გემოვნების საკითხია. ჩემი რჩეული კერძია ატრია ქათმით და აზიური სოუსებით. აქ ძალიან ბევრი გემო „თამაშობს“ და სწორედ გემოთა ეს მონაცვლეობა მომწონს ხოლმე, განსაკუთრებით, ქათმისა და მაყვლის ერთობლიობა.
მარიამ მალაყმაძის მიერ მომზადებული დესერტი
- კულინარიის გარდა კიდევ რით ხართ დაინტერესებული?
- ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგია. მართალია, ჯერჯერობით ამ განხრით პრაქტიკული გამოცდილება არ დამიგროვებია, მაგრამ მომავალში სურვილი მაქვს, რომ ეს სფეროც კარგად ავითვისო, რათა ადამიანებისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენა შევძლო.
მარიამ მალაყმაძის მიერ მომზადებული კერძები და დესერტი
- კიდევ რაზე ოცნებობს მომავალი დიპლომატი?
- ჩემი მთავარი ოცნება ისევ კულინარიას უკავშირდება. მინდა, რომ საკუთარი რესტორანი მქონდეს. კიდევ მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურო და უცხო ქვეყნების სამზარეულო კარგად შევისწავლო. სამზარეულო ხომ ამა თუ იმ ერის კულტურისა და ისტორიის ნაწილია.
ნინო მამულაშვილი