როცა მოსწავლეები სკოლის დირექტორთან მეგობრობენ

ეს პიროვნება სკოლის დერეფნებში ბავშვების სიყვარულით სავსე დადის და მათგანაც იმავეს იღებს.
Sputnik
„როცა მასწავლებელი ხდები, შენი მოსწავლეები გასწავლიან და ამ აზრს აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან მათთან ერთად მეც გავიზარდე და მოსწავლეებისგან ბევრი ვისწავლე“ – გვითხრა გორის რაიონის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორმა დალი ნასყიდაშვილმა.
დალი ნასყიდაშვილი
- ქალბატონო დალი, თუ შეიძლება გაიხსენეთ, რომელ კლასში ჩაატარეთ თქვენი პირველი გაკვეთილი?
- ეს იყო მესამე კლასში. როცა საკლასო ოთახში შევედი, 30 ულამაზესი ბავშვის თვალებში შიში დავინახე, რამაც ძალიან შემაკრთო. თურმე ჩემამდე მათი ორი მასწავლებელი სხვა სკოლებში გადასულა. როცა მოწყენის მიზეზი გამანდეს, გავამხნევე და დავპირდი, რომ სულ მათთან ვიქნებოდი. ამ კლასთან შევასხი ფრთები გივი ჭიჭინაძის საბავშვო პიესას ,,ციცქნა იას დღეობა". ეს იყო დაუვიწყარი საღამო, რომელიც მშობლების დახმარებით მაღალ დონეზე წარიმართა. მახსოვს, ერთმა მათგანმა ისიც კი მითხრა, ეს დიდ სცენაზე უნდა დაიდგასო. იას ვინც თამაშობდა, იმ ბავშვმა ნათლიად ამირჩია, მომდევნო წლებში, მერე, სხვებმაც...
დალი ნასყიდაშვილი კოლეგებთან ერთად
- სკოლაში პირველად მისვლისას შიში თუ გქონდათ?
- არაფრის შიში არ მქონდა, რადგან მივუბრუნდი სკოლას, სადაც მშობლიური გარემო დამხვდა. თუმცა, როცა სამასწავლებლოს კარი მოწიწებით შევაღე, ნაბიჯი მაინც ვერ გადავდგი. იქ უცხო პედაგოგებს შორის ჩემი ყოფილი პედაგოგებიც დამხვდნენ და მათი მომერიდა. ეს მაშინვე შენიშნა ჩემი ისტორიის უსაყვარლესმა პედაგოგმა როდამ ჩლაჩიძემ და როგორც კოლეგა-მასწავლებელი, თბილად მიმიღო.
მოსწავლეებთან ერთად
- პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ვინ დაგეხმარათ?
- ბევრი კარგი პედაგოგი მყავდა, თუმცა პროფესიული არჩევანი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლია კაიშაურმა განმიმტკიცა. მაგრამ ეს არჩევანი უკვე დაწყებით კლასებში ყოფნისას გავაკეთე. ჩემი მოსწავლეობის დროს სკოლას ორი დირექტორი შეეცვალა. პირველი დინჯი, სერიოზული, ტაქტიანი იყო, მეორე – რადიკალურად განსხვავებული. თუმცა, არცერთის დანახვაზე კედელს არ გავკრულვართ. პირიქით, რაც მეტი იყო ზეწოლა, მოსწავლეთა ქცევის წესებს უფრო მეტად ვარღვევდით და სულაც არ ვფიქრობდით დასჯაზე, რომელიც გველოდა.
დალი ნასყიდაშვილი სკოლის ღონისძიებაზე
- რომელიმე განსაკუთრებული გაკვეთილი თუ გახსენდებათ?
- მაშინ დირექტორი ვიყავი და უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად მხოლოდ მე-12 კლასში შევდიოდი. მათთან ორი საჩვენებელი გაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა, რაც სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რადგან, მოგეხსენებათ, მე-12 კლასში დაბალი დასწრების გამო საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება შედარებით რთულია. წინა დღეს შევეხმიანე მათ და ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ. ამის მერე დასწრება, რასაკვირველია, მაღალი იყო.
დალი ნასყიდაშვილი გაკვეთილზე
- ვიცი, რომ მოსწავლეებთან სხვადასხვა პროექტებს ახორციელებთ...
- დიახ, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან პროექტებს ხშირად ვახორციელებ. მათგან ისეთ ლიტერატურულ პროექტს გამოვარჩევ, როგორიცაა ორი ემიგრანტი პოეტის კრებულის პრეზენტაცია, რომლებიც ყველასთვის დაუვიწყარია.
ლია კაიშაურის ვარსკვლავთან სკოლის წინ
- როდესაც თქვენი მოსწავლეები არასწორად იქცევიან...
- გეტყვით, რომ უფროსკლასელებთან ვმეგობრობ. როცა არასწორად იქცევიან? ვცდილობ, რომ ისინი მეგობრული და „შერჩეული" ტონით დავარწმუნო არასწორ ქცევაში. შედეგში დარწმუნებული ვარ და იშვიათად შევმცდარვარ. ჩემში ღრმადაა გამჯდარი აზრი, რომ რაც არ მომწონს, ის არც სხვას გავუკეთო.
ნინო მამულაშვილი