თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქუთაისში ძლიერმა ქარმა დააზიანა 350-ზე მეტი შენობა, ავტომობილები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, განაცხადა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება მეექვსე დღეა ქვეყანაში უამინდობას ებრძვის. ცალკეულ რეგიონებში ქარმა და თოვლმა შექმნა სერიოზული პრობლემები – მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამინდი მოგვცემს საშუალებას, რომ დათვლილი ზარალი გადავიტანოთ რეალურ დახმარებაში და თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ პრობლემები, რომლებიც მათ დღეს აქვთ“, - აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
ხახალეიშვილის თქმით, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას საქალაქო სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ თანამშრომლები. მერმა თავდადებული მუშაობისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
ძლიერი ქარის შედეგები ქუთაისში
© photo: Sputnik / Stringer
მოქალაქეების დასახმარებლად ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი სამსახური.
სინოპტიკოსები გამოდარებას 15 იანვრიდან ელიან. მანამდე კი აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება დიდთოვლობა, დასავლეთში - ძლიერი ქარი.