გურიაში ელექტროენერგიის და გაზის მიწოდება აღდგა

ლანჩხუთის რაიონში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ძლიერი ქარისგან დაზარალებული გურიის სამი რაიონიდან ორში ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება აღდგენილია - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ურუშაძემ.
გურიაში რამდენიმე დღეა ძლიერი ქარი მძვინვარებს. წინასწარი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
„ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონებში ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემა უკვე მთლიანად მოგვარებულია, რაც შეეხება მესამე რეგიონს, ლანჩხუთს, იქ კვლავ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, - განაცხადა გუბერნატორმა
რეგიონის სამივე რაიონში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, დააზიანა, შენობებისა და მანქანების სახურავები, ზარალის ზუსტი ოდენობა ზუსტდება.
„გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე მუშაობს კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალს ითვლის“, - აღნიშნა ურუშაძემ
სინოპტიკოსები 15 იანვრიდან ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. მანამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობაა მოსალოდნელი, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.