ფოთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

სამეგრელოში სამი ძლიერი ქარი სამი დღის განმავლობაში მძვინვარებდა.
Sputnik
თბილისი, 14 ანვარი - Sputnik. ფოთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ, იუწყება „პირველი არხი“.
პირველადი მონაცემებით, ფოთში სტიქიის შედეგად 33 საცხოვრებელი კორპუსის, 124 კერძო სახლის, ოთხი საჯარო სკოლისა და სამი საბავშვო ბაღის სახურავია დაზიანებული.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ასევე დაზიანდა სკვერები, მინიმოედნები, ტროტუარები, ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები; მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე.
მერიაში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, 16 იანვრიდან დაზარალებულთათვის სამშენებლო მასალის გადაცემაც დაიწყება.
სამი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ქარიშხალი მძვინვარებდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის თითოეულ რაიონში მოქმედებდა ცხელი ხაზი, რომელთა დახმარებითაც ხელისუფლებას შექმნილ პრობლემებზე ოპერატიულად რეაგირების შესაძლებლობა ჰქონდა. წინასწარი მონაცემებით, ძლიერი ქარის გამო რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
სინოპტიკოსები 15 იანვრიდან ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. მანამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობაა მოსალოდნელი, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.