სამეგრელოში სტიქია მძვინვარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 15 იანვრიდან გამოიდარებს.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მეექვსე დღეა დასავლეთ საქართველოში უამინდობას ებრძვიან.
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად დააზარალა სენაკის სამხედრო დასახლება, სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ. დაზიანდა კორპუსები, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოსახლეობის ნაწილს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.
„შექმნილია მუშა ჯგუფი, ასევე რეაგირებისა და მორიგე ჯგუფები. 24 საათის განმავლობაში ვართ მობილიზებული, შემოსული განცხადებების საფუძველზე ადგილზე გადის ზარალის კომისია და სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი“, – აცხადებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად მძღოლს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ხოლო მგზავრები არ დაშავებულან.
საქართველოს რომელ ქალაქშია მოსალოდნელი თოვლი>>
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 100-მდე სოფელი, ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს