თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ქართველმა ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად 17,7 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, აქედან სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ ლარს აღემატება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდა მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული პროგრამა ეხმარება ფერმერებს, მათთვის მისაღებ ფასად ჩააბარონ დაბალხარისხიანი ვაშლი. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიდნენ.
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.