თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 4%-მდე შეამცირა. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“.
მომავალ 2024 წელს კი მსოფლიო ბანკი საქართველოს მშპ-ის ზრდას 5%-იან ნიშნულზე ელოდება.
მსოფლიო ბანკის განმარტებით, წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, რომელიც დეკემბერში 9,8% იყო, 2022 წლის მეორე ნახევარში ინფლაციური ზეწოლა შემცირდა. მოსალოდნელია ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში.
„ამ პერსპექტივის მიხედვით, არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. უარყოფით პერსპექტივად შეიძლება განხილულ იქნეს ის, რომ მუდმივმა ინფლაციამ, გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ეროვნულ ვალუტაზე და მაკროსაფინანსო სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.
მსოფლიო ბანკის ექსპერტების აზრით, საქართველოში ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსეთში 2023 წელს მოსალოდნელმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ვარდნამ გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად.
მსოფლიო ბანკი დადებით პერსპექტივად აფასებს ფულადი ნაკადების შემოდინებას მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საქართველოს მიერ სარგებლის მიღებას სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის პარალელურად ვაჭრობის ახალი ორიენტირების შექმნის შედეგად.
2023 წლის ეკონომიკური ზრდის ანალოგიური პროგნოზი აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა შენელდება და კოროვირუსული პანდემიის წინა პერიოდის დონეზე – 4%-ზე აღმოჩნდება. მარეგულირებლის შეფასებით, 2022 წელს არსებული 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებული იყო უცხოელი ვიზიტორების ნაკადითა და მათი მზარდი ხარჯებით, ასევე დაკრედიტების მაღალი მაჩვენებლით.