თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ეთიკის კოდექსის განახლებაზე მუშაობა დაიწყო.
ეთიკის კოდექსი არეგულირებს საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო კომისიის თანამშრომლებისა და დამკვირვებლების ქცევის საკითხებს საარჩევნო პერიოდში.
„ახალი სამუშაო ფორმატი, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული, აქტიურ ფაზაში შედის. ჩვენ დღეს გვქონდა უკვე მესამე სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო ქცევის, ეთიკის იმ წესების შემუშავებას, რომელიც მოემსახურება როგორც 2024 წელს გასამართ საერთო არჩევნებს, ასევე მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს კოდექსში იმ პრობლემური საკითხების ჩართვაზე, რომლებიც ბოლო არჩევნებზე გამოვლინდა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, ეს დოკუმენტი მაინც არის დამზღვევი ჩვენთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, რომ რაღაც ზღვარს არ გავცდეთ“, - განაცხადა ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ.
ეთიკის კოდექსის მიხედვით, სუბიექტები იღებენ ვალდებულებას იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პატივი სცენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატისა და ამომრჩევლის უფლებებს, არ გამოიყენონ სიძულვილის, ქსენოფობიის ან მუქარის ენა და ხელი შეუწყონ მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.