თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვისა და ქარის გამო მატარებლების გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
უამინდობის გამო საკონტაქტო ქსელზე პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას.
საქართველოში მეხუთე დღეა თოვს. დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა სახლების ნაწილს სახურავი ახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები. მოსახლეობას მოუწოდებენ, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისაგან. ჰაერის ტემპერატურა მინუს 4-5 გრადუსამდე დაეცა.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.