თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 94%-ით აღდგა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
გაერთიანების ინფორმაციით, გასულ წელს აეროპორტი მოემსახურა 822.486 მგზავრს, ხოლო 2019 წელს – 873.907 მგზავრს.
მგზავრთნაკადის გარდა, აეროპორტს აქვს დადებითი ტენდენცია ფრენების აღდგენის კუთხითაც – 112%-ით. 2022 წელს აეროპორტმა შეასრულა 3220 ფრენა, რაც 1,1%-ით მეტია 2019 წლის, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება 2022 წლის დეკემბრის მაჩვენებლებს, აეროპორტი მოემსახურა 85 ათას მგზავრს, რაც 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 3%-ით მეტია.
ასევე გასულ თვეში ქუთაისის აეროპორტმა 306 რეისი შეასრულა, რაც 6%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ფრენებს ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყანაში 28 მიმართულებით ახორციელებს.
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ პანდემიით მძიმედ დაზარალებული ინდუსტრიის მხარდასაჭერად საქართველომ დაიწყო ეტაპობრივი შეზღუდვების მოხსნა და საზღვრების გახსნა.
საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლა 2021 წლის 1 თებერვლიდან აღდგა.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 185,5%-ით გაიზარდა და 4,9 მილიონი შეადგინა.
2022 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ 56%-ით აღადგინა 2019 წლის მაჩვენებლები, როდესაც ქვეყანას ტურიზმის პიკი ჰქონდა.