თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა 50-მდე ხე წააქცია, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები, იუწყება მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია.
ძლიერი ქარის გამო ერთი ადამიანი დაშავდა. მანქანას, რომელშიც 35 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, ხე დაეცა. დაზარალებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
„უკვე მეორე დღეა ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მიყენებულ ზარალს მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისია ითვლის. მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მოვუწოდებ მოსახლეობას, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისაგან", – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.
ლანჩხუთის მერიამ ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა საფრთხის ან დაზიანების შემთხვევებისთვის ცხელი ხაზი აამოქმედა: 591192366, 551094143.
მუნიციპალიტეტში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო 13 იანვარს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები 15 იანვარს გაიმართება, აღნიშნეს უწყებაში.
საქართველოში მეხუთე დღეა თოვს. დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა სახლების ნაწილს სახურავი ახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები. ჰაერის ტემპერატურა მინუს 4-5 გრადუსამდე დაეცა.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.