თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველო-სომხეთის საზღვრის კვეთის გამარტივება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა - ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხუთშაბათს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) შეძლებენ.
„სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ გამარტივებული ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სომხეთი გახდება მესამე ქვეყანა, რომლის საზღვრის კვეთისთვის საზღვარგარეთის პასპორტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება.
ანალოგიური რეჟიმი უკვე მოქმედებს თურქეთსა და უკრაინაში შესვლისას.