დასავლეთ საქართველოში ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ძლიერმა ქარმა ადგილობრივ მოსახლეობას მრავალი პრობლემა შეუქმნა.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სპეციალური კომისია სისტემატურად ითვლის ზარალს, რომელიც ფოთს ძლიერი ქარის გამო მიადგა, განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ფოთში სტიქიის შედეგებს მეორე დღეა ებრძვიან. ძლიერმა ქარმა სახლების ნაწილს სახურავი ახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
სტიქია ფოთში
როგორც ვაჭარაძემ აღნიშნა, სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, მათ შორის, დაზიანდა კერძო სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები და კაბელები. უკვე შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც სისტემატურად აღწერს ზარალს, განაცხადა ვაჭარაძემ.
მისი თქმით, ზარალი დაითვლება, რის შემდეგაც მერია უამინდობის შედეგების გამოსასწორებლად ზომებს მიიღებს და ადგილობრივ მოსახლეობაზე კომპენსაციებს გასცემს.
ამას გარდა, ქარიშხლის გამო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმები მიიღო ფოთის მერიის თანამშრომელმა. ის ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს მოტეხილობითა და დაჟეჟილობებით.
მოსახლეობა ფოთის სანაპირო ზონაში შტორმის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს