მსოფლიო დღეს

ორი ახალი ზღვრული ფასი: რუსეთის ნავთობინდუსტრიის წინააღმდეგ ახალი სანქციები მზადდება

Sputnik
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ოფიციალური პირები და მათი მოკავშირეები სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ რუსეთის ნავთობინდუსტრიის წინააღმდეგ, იუწყება The Wall Street Journal (WSJ) წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შეხვედრებს მართავენ ახალი სანქციების დეტალების შესათანხმებლად, რომელიც ძალაში 5 თებერვალს უნდა შევიდეს.
სანქციები ორ ახალ ზედა ზღვრულ ფასს დააწესებს რუსულ ნავთობპროდუქტებზე: ერთი მაღალი ღირებულების საექსპორტო საქონელს, დიზელის საწვავს შეეხება, მეორე კი — დაბალი ღირებულებისა, როგორიცაა მაზუთი.
გამოცემის ცნობით, ამერიკელები ცდილობენ საკმარისად დაბალი ფასი დააწესონ რუსეთის ნავთობპროდუქტებზე, რათა მოსკოვს ნავთობშემოსავლები კიდევ მეტად შეუმცირონ, თუმცა ფასი უნდა იყოს საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ რუსეთმა დიზელისა და სხვა საწვავის გაყიდვები განახორციელოს.
WSJ-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ბენ ჰარისი მიმდინარე კვირაში ეწვევა ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთსა და პოლონეთს ფასის ლიმიტის საკითხების განსახილველად. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ოლეგ უსტენკოც.
მანამდე ჰელსინკის ანალიტიკურმა ცენტრმა CREA-მ წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკვე მოქმედი სანქციების შედეგად ყოველდღიურად 160 მილიონი ევროს კარგავს.
წყარო: WSJ