საქართველომ რუსეთში ათობით ტონა კარტოფილი დააბრუნა

ტვირთები საქართველოში სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის შემდეგ აღარ შემოუშვეს.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ რუსეთიდან შემოსული 42,25 ტონა კარტოფილი და თითქმის 70 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა უკან მიაბრუნეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოტანილი 42.250 კილოგრამი კარტოფილის შემოწმების შედეგად პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამავე საბაჟოზე ფიტოსანიტარულმა კონტროლმა 69,867 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა შეაჩერა.

„აღნიშნული მცენარეული წარმოშობის ტვირთი არ შეესაბამებოდა ფიტოსანიტარიულ ნორმებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე კარტოფილს არ ატარებს. მებაჟეებმა რუსეთს დეკემბერშიც დაუბრუნეს 20 ათასი ტონა კარტოფილი, რომელმაც კონტროლი ვერ გაიარა.
საქართველოში შემოტანილი ყველა პროდუქტი გადის სავალდებულო სანიტარიულ შემოწმებას, მათ შორის ლაბორატორიებში.