„ქართულ ოცნებაში" ამერიკელი გენერლის განცხადებას უპასუხეს

მიქანაძის თქმით, ამერიკელი გენერალი საქართველოში ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობს.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
მანამდე ჰოჯესმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი რუსეთს მიაჯაჭვა. მისი თქმით, თუ საქართველო არ იქნება უკრაინის მხარეს, ეს მას არაფერ კარგს არ მოუტანს.

„ბენ ჰოჯესის განცხადებები სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია, იგი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა მიქანაძემ ჟურნალისტებთან.

დეპუტატის თქმით, მათში პირდაპირ იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ნარატივი.
ამერიკელი გენერალი ქართული ოპოზიციის ლობირებაში დაადანაშაულეს>>>
„ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის და საკუთარი განცხადებებით ცდილობს, მცირე წვლილი შეიტანოს იმ საერთო დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც რამდენიმე თვეა საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება, რათა ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს“, – განაცხადა მიქანაძემ.
საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს სისტემატურად ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ. ამასთან, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ ქვეყანას არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა.
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს. ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.