წაქცეული ხეები და ბოძები: ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ამ დრომდე ძლიერი ქარია იმერეთში. ქუთაისის ცენტრალურ ნაწილსა და რამდენიმე უბანში ასწლოვანი ხეები წაიქცა. დაზიანებულია სახლის სახურავები. ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების დასახმარებლად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებულია ჯგუფები, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა.
სამტრედიაში ქარმა საახალწლო ნაძვის ხე წააქცია. შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ძლიერი ქარის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ აგრეთვე ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები, სადაც ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები. მერიის სამსახურების მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო მონიტორინგს ახორციელებენ.
ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ცაიშსა და ცაცხვში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა ტემპერატურამ მკვეთრად დაიკლო. სინოპტიკოსების ცნობით, უამინდობა საქართველოში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.