თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობას საპარტნიორო ფონდისგან სს „საქართველოს რკინიგზის“ 100%-იანი წილი გადაეცა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ ინვესტორებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით.
2022 წლის ზაფხულში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საპარტნიორო ფონდის რეფორმის ფარგლებში ყველაზე დიდი აქტივი – „საქართველოს რკინიგზა“ სახელმწიფოს გადაეცემა, თუმცა ზუსტი დეტალები და გარიგების თარიღი ცნობილი არ იყო.
ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრანზაქცია დეკემბერში დასრულდა და საწარმოს მფლობელი უშუალოდ მთავრობა გახდა.
„საპარტნიორო ფონდი“ უკვე სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, შესაბამისად, მესაკუთრის შეცვლით „საქართველოს რკინიგზა“ კვლავ რჩება საქართველოს მფლობელობაში და, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება.
დღეისათვის „საპარტნიორო ფონდის“ ანგარიშზე მხოლოდ ერთი ძირითადი აქტივი რჩება – „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად როგორც სარკინიგზო ლიანდაგის, ასევე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვის მომსახურებას ძირითადად აღმოსავლეთიდან კასპიის ზღვიდან და ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ შავ ზღვამდე.
„საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წლის ცხრა თვეში 507 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის შემოსავლების 20%-ით გაზრდა ტვირთბრუნვის 11 მლნ ტონამდე ზრდამ განაპირობა.
„საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, დაფუძნებული 2011 წელს. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით ინვესტირების წახალისებაა.
2022 წლის ბოლოს მთავრობამ დაამტკიცა „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი პირობებით და ახალი სახელწოდებით ახალი ფონდის ფორმირებას 2023 წელს.
საინვესტიციო საქმიანობის შედეგად ახალი ფონდი დააგროვებს კაპიტალს, გაზრდის მას, შემდეგ დააფინანსებს და განახორციელებს საინვესტიციო პროექტებს. ორგანიზაცია შეძლებს დამოუკიდებლობის მიღწევას განახლებული მენეჯმენტის სტრუქტურის მეშვეობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ფონდი დამოუკიდებელი იქნება პოლიტიკური მონაწილეობისგან.