თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo Pro Georgia მოსახლეობას მის სახელთან დაკავშირებული თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.
სოციალურ ქსელებში და ვიდეოპლატფორმებზე გავრცელებულ ვირუსულ სარეკლამო ვიდეორგოლებში საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის დაბანდებისკენ გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში.
„სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ენერგოკომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ წამოეგონ თაღლითების ყალბ შეთავაზებას და არ გაიარონ რეგისტრაცია.
ამჟამად კომპანიის იურიდიული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურები მუშაობენ, რათა შესაძლებელი გახდეს თაღლითური განცხადების გავრცელების შეზღუდვა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსხვილი ქართული კომპანიებისა თუ ორგანიზაციების სახელებს თაღლითობა უკავშირდება. მანამდე საქართველოს მოქალაქეები გააფრთხილეს ქართული ბანკების და „საქართველოს ფოსტის“ ყალბი გვერდების შესახებ.