თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს, შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის თანამშრომელ გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა 8 იანვარს თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მღებრიშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსს ალექსანდრე შეყილაძეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ აღკვეთის უმკაცრესი ღონისძიების გამოყენება მოითხოვა, რადგან არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მას, ბრალდებულის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა არ დაუყენებია.
გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.
მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
დაკავებულს ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.