თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
დიპლომატის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.
„ეს განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული. კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება, სადაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს როგორც მხარე, და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს“, – განაცხადა მიქანაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას კვლავაც გააგრძელებს.
„თუმცა, რაც შეეხება სამხედრო ასპექტს, ჩვენ პირველ რიგში უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს ჩათრეული საომარ მოქმედებებში და მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი", – განაცხადა მიქანაძემ.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.
საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად საუბრობს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დიდ მნიშვნელობაზე და მეორე ფრონტის გახსნის დაუშვებლობაზე.
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.