თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. საქართველოს დამსახურებული არტისტი ლამზირა ჩხეიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.
ლამზირა ჩხეიძე 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად.
მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია რუსუდანი ( „რვალი“), სუზონი („ფიგაროს ქორწინება“), ლიდა („ახალგაზრდა მასწავლებელი“), ფენია („ქარიშხლის წინ“), ქეთო („ხალისიანი მეგობრები“), ივლიტე ბოსტოღანაშვილი („ამბავი სიყვარულისა“), ოფელია („ჰამლეტი“), ცოლი („კავკასიური ცარცის წრე”) და სხვ.
ჩხეიძეს შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიო გადაცემებში.