თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოში შაბათს მართლმადიდებლების ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობენ.
ქრისტეშობის, 6–7 იანვრის ღამეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა.
შობა ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამ დღეს იმართება საზეიმო მსვლელობა „ალილო“.
„ალილო“ 14:00 საათზე დაიწყება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან. მსვლელობა რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით სამების ტაძარში დასრულდება.
„ალილოს“ ტრადიცია 15 საუკუნეზე მეტს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებს, შემოწირულობას, რომელიც შემდეგ დღეებში გადანაწილდება უპოვარ ადამიანებზე, ობოლ ბავშვებზე, გაიგზავნება ასევე მოხუცთა სახლებში.
თბილისის მერია, „ალილოს“ ჩასატარებლად, საქართველოს საპატრიარქოსთვის ავტობუსებს გამოყოფს. არსებითი ცვლილება ტრანსპორტის გადაადგილებაში „ალილოს“ მსვლელობის გამო არ იგეგმება, თუმცა თბილისის ცენტრში რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იქნება.
გზები მსვლელობის დასრულებისთანავე გაიხსნება.