თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ქვეშეთი–კობის ცხრაკილომეტრიანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლისთვის დასრულდება.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსადა რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების თანახმად, გვირაბის მშენებლობისა და ქვეშეთი-კობის მიმართულებით გზის მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
2023 წელს ხელისუფლება ასევე გეგმავს ნატახტარი-ჟინვალის გზის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას.
ამ დროისთვის ქვეშეთი–კობის ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, უკვე გაიჭრა 4,5 კილომეტრი. გვირაბის ბურღვის სამუშაოები სრულდება გვირაბგამყვანი მანქანა TBM-ის მეშვეობით (Tunnel Boring Machine), რომელიცსპეციალურად ქვეშეთი–კობის პროექტისთვის დამზადდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.
მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილისქვეშ, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება. სამუშაოებს ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს.
პროექტის თანახმად, ახალი გზის ზონაში მოქცეულია სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.
აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ გასავლელი 23 კმ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მანძილი 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.
სატრანზიტო გადაზიდვები აღარ განხორციელდება გუდაურის გავლით. პროექტის ფარგლებში აშენდება აგრეთვე კურორტ გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა, რომლის მეშვეობითაც გუდაური განიტვირთება არასაკურორტო მოძრაობისგან. შედეგად – ტრანზიტი უფრო უსაფრთხო გახდება.
მშენებლობა ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის პატრონაჟით, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
ქვეშეთი–კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.